„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ „ქართული ოცნების“ ახალ შეთავაზებაზე ისაუბრა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს უკავშირდება.
ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც ბოლო არჩევნებში ხმათა 1%-ზე მეტი მაინც აქვს მიღებული, ამ შეთავაზებას არ დათანხმდება.
„ერთი, ორი ან სამი პოლიტიკური სახელის მქონე პიროვნება, ჯგუფი, შესაძლოა, ამას დათანხმდეს, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა ქართული პოლიტიკური პარტიების, რომლებიც პრაქტიკულად წარმოადგენენ პოლიტიკურ სპექტრს, ამ შეთავაზებას არ დათანხმდებიან“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ივანიშვილი ოპონენტების და მედია მენეჯერების დევნით, საზოგადოების დაშინებას ცდილობს.
„ძალიან ძნელია ივანიშვილის ქმედებებში ლოგიკის დაჭერა, რადგან ის სხვანაირად აზროვნებს. მას მიაჩნია, რომ გიგი უგულავას დაჭერით, ნიკა მელიას დაპატიმრების მუქარით, სატელევიზიო არხების მეპატრონეების, მენეჯერების შანტაჟით, გვეუბნება, რომ „დაშინდით, თქვენი თავგანწირვა უშანსოა“. ამ დროს არიან ადამიანები, ვისაც არ ეშინია ამ მუქარის და ეს ის იარაღია, რომლის წინააღმდეგაც მას ძალა არ აქვს. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ორჯერ მეტია ოპოზიციური პარტიების ხმების ჯამი ვიდრე „ქართული ოცნების“, - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ მმართველი პარტია მზად არის, ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები გამართოს.